საქართველოს რაგბის ისტორია(1960-2010წლები)

      პირველ ათწლეულ (1960-იანი წლები) დაფუძნდა ექვსი კერა - დინამო, ლოკომოტივი, პოლიტექნიკურიუნივერსიტეტი, სპარტაკი და ქუთაისისაქართველომ კი მოძმე რესპუბლიკებზე წინ, ოღონდაც მოსკოვის შემდეგ, მეორე ადგილი დაიმკვიდრა საკავშირო არენაზე
ამას წინ უძღოდა ბარემ ორი თაობის გარჯა უცხო, უკვე ნებადართული, მაგრამ მაინც საეჭვო რეპუტაციის მქონე ბურთაობის დასანერგად.
     ჟაკ ასპეკიანის, ნოდარ ყიფიანის, ჯემალ ბერაძის,  გოგი ტონიას, გოგი ყუფარაძის, ზაურ მგელაძის, სერგო ხაჭაპურიძის, ამირან ლობჟანიძის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელეს გოჩა აბაშიძემ, ირაკლი კიზირიამ, მიკა კვინიხიძემ, გელა მიქაბერიძემ, ზურაბ ხარშილაძემ, ვახო ფეტვიაშვილმა, თენგიზ რუხაძემ, რასაც ოთხი მედლის მოპოვება მოყვა.
მეორე ათწლეულში რუსეთში შენიღბული პროფესიონალიზმი დაინერგა, აქ კი მოყვარულებად დავრჩით და მალევე ჩამოვრჩით, მაგრამ მერე მაინც გავზარდეთ რკინიგზელთა უნიჭიერესი თაობა
თემურ ბენდიაშვილმა, დათო კილასონიამ, მიშა ხარშილაძემ, ავთო გიორგაძემ, ოლეგ ლიპარტელიანმა, ავთო ღიბრაძემ ნოვატორული იდეებით თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანეს საბჭოთა რაგბი
მაგრამ გუნდს მფარველი რომ არ ჰყავდა, ლოკომოტივმა აიღო ოდენ თასი, ბრინჯაო და მოშურნე საკავშირო სტრუქტურასთან ჭიდილში კატასტროფა განიცადა.
მესამე ათწლეულში თბილისელები მოყვარულებად დარჩნენ, ქუთაისს კი პატრონი, რომან ბეჟუაშვილი გამოუჩნდა და ბიჭებს ჯამაგირები დაუნიშნა. შედეგმაც არ დააყოვნა:
სახლმშენ - მშენებელმა ჯერ შალვა ქურციკიძის წინამძღოლობით ორჯერ დაიკავა საპრიზო ადგილი, მერე კი, დუგლას კავთელაშვილის სარდლობით, ნუგზარ ძაგნიძის, ოლეგ ლიპარტელიანის, საშა ნაჭყებიას, ბესო ლილუაშვილის, თენგიზ ტურძელაძის, ბათლომე ხამაშურიძის, მამუკა ლოსაბერიძის მყოლი გუნდი სამჯერ გახდა საბჭოეთის ჩემპიონი და ორჯერაც [მეორედ 1990] თასი შემართა.
დედაქალაქში ბათუ კევლიშვილმა ბავშვთა რაგბის განვითარებას დაუდო სათავე, გლობალურმა მოვლენებმა კი საქართველოს დამოუკიდებლობა რომ მოაახლოვა, რაგბის თემი ბრძოლის ავანგარდში ჩადგა, მობურთალთაგან პირველმა შექმნა ნაკრები და საერთაშორისო ფედერაციასთანაც გააბა კავშირი.
მეოთხე ათწლეულში დავით კილასონიას წამოწყებული ლაშქრობა საქართველოს ირბ-ში მიღებით დააგვირგვინა თამაზ ანდღულაძემ, მაგრამ მაინც კარგა ხანს ვერ ვიპოვეთ ჩვენი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე, შინ კი, ომებისა და გაჭირვების გამო, ლამის იყო, მთელი თაობა დავკარგეთ.
კრიტიკულ მომენტში რაგბის გადარჩენას ხელი მოჰკიდეს "გუმარელმა" მორაგბე ბიზნესმენებმა - ბიძინა გეგიძემ და მეგობრებმა. გურამ მოდებაძის მწვრთნელობით კახა მაჩიტიძის, მერაბ ბესელიას, კახა ალანიას, ნიკო იურინის, დიმიტრი ობოლაძის, ლევან ცაბაძის, გია რაფავას, ზაზა ლეჟავას, კახა კობახიძის პლეადამ "ეროვნულზე" ორჯერ ძლია რუსეთი და ერი ოვალური ბურთაობისკენ გამოახედა.
ათწლეულის ბოლოს, კლოდ სორელისა და ზაზა ქასაშვილის მეოხებით, გაჩაღდა ბორჯღალოსანთა მასობრივი ემიგრაცია საფრანგეთში. ამით შინაურ პირველობას მოაკლდა ეშხი და აქამდეც ახალგაზრდათა შეჯიბრებად რჩება,  ბევრად უკეთეს სარაგბო გარემოში მოხვედრილი ბიჭები კი დაოსტატდნენ და გაპროფესიონალდნენ, რასაც შემდეგ ნაკრების უმაგალითო წარმატება მოყვა.
მეხუთე ათწლეულში ფრანგ, ქართველ და ავსტრალიელ გურუთა - კლოდ სორელის, მალხაზ ჭეიშვილის, პაატა ნარიმანაშვილის, დავით ჩავლეიშვილის, თიმ ლეინის სარდლობით სამჯერ გავედით მსოფლიო თასზე
ჩავებით ახლებურ "ერთა თასში", სამჯერ ვიჩემპიონეთ და სამეულს მიღმა ერთხელაც არ დავრჩენილვართ; დავეწიეთ რუმინეთს, რუსეთზე გამარჯვებათა რაოდენობა კი თორმეტამდეც ავიყვანეთ.
საფრანგეთში მოღვაწე ბორჯღალოსნები - ილია ზედგინიძე, ირაკლი აბუსერიძე, მახო ურჯუკაშვილი, გია ლაბაძე, თედო ზიბზიბაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ირაკლი მაჩხანელი, აქვსენტ გიორგაძე, გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე, მერაბ კვირიკაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე, დავით ზირაქაშვილი, ვასილ კაცაძე ქვეყანამ გაიცნო.
გია ნიჟარაძის პრეზიდენტობისას სახელმწიფო შეუდგა რაგბის უხვად დაფინანსებას, რითაც კლუბები წელში გაიმართნენ, საქველმოქედო ფონდმა "ქართუმ"კი დაიწყო სტადიონების შენება და ამით დასაბამიდან თანდაყოლილი, უმწვავესი პრობლემა მოუგვარა რაგბის თემს.

Comments

Popular posts from this blog

რაგბის წესები

საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი